მორალური კოდექსი





საბრძოლო ხელოვნების სკოლა

„ცოტნეიდელი“



საბრძოლო ხელოვნების სკოლა „ცოტნეიდელი“
მორალური კოდექსი

–„რწმენა, ცოდნა, სიყვარული“
მორალური კოდექსი, საბრძოლო ხელოვნების სკოლის „ცოტნეიდელი“–ს ფასეულობების სულიერი წყაროა და წარმოადგენს განსაზღვრულ დამოუკიდებელ თეორიულ ნაწილს.  ეს არის მოძღვრება, რომელშიც ასახულია ქცევის ეთიკური ნორმები და ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი პრინციპები. ის აზუსტებს ეთიკისა და ზნეობის პრინციპების მნიშვნელობას და ნერგავს მას საბრძოლო ხელოვნების სკოლაში. მასში მოცემულია მითითებები, თუ როგორ უნდა მოიქცეს „ცოტნეიდელი“–ს თითოეული წევრი დაბაზში ვარჯიშის დროს  და ყოველდღიურ ცხოვრებაში. მორალური კოდექსი ახდენს მაღალი ზნეობრივი და ეთიკური სტანდარტებისადმი საბრძოლო ხელოვნების სკოლის „ცოტნეიდელი“–ს ერთგულების დემონსტრირებას.
  ნებისმიერი საბრძლო ხელოვნების არსში დევს ფილოსოფია– ეს არის გზა ფიზიკური, სულიერი და გონებრივი სრულყოფისაკენ.
   ნებისმიერ საბრძოლო ხელოვნების არსში გამოკვეთილია მიზანი– გზა გამარჯვებისაკენ, მაგრამ ეს არის გამარჯვება არა მტერთან ბრძოლაში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ყოველდღიური გამარჯვება საკუთარ თავთან.
  „შეიცან თავი შენი“– ეს ფორმულა ეკუთვნის ქირონ სპარტანელს. ადამიანის მიერ, საკუთარი თავის შეცნობა შემეცნების პროცესის დასაწყისია, ეს კი არის გზა სრულყოფისაკენ, რომელსაც ყოველმა ადამიანმა საკუთარ თავში თივთონვე უნდა მიაკვლიოს, თვითჩაღრმავების, თვითრეგულირების, უარყოფითი მისწრაფებების და მოქმედების ნებაყოფლობითი ჩახშობის საფუძველზე.
 პავლე მოციქული ამბობს: „ისწავლე კარგი, ისწავლე ცუდი და აკეთე კარგი“.
„ცოტნეიდელი“–ს მორალური კოდექსის პრინციპების საფუძველს წარმოადგენს ქრისტიანული, მართლმადიდებლური მორალი, ეთიკა და ცხოვრების წესი, რომელიც ქრისტემ ათი მცენების სახით გვამცნო. ათი მცნება არის სულიერ–ზნეობრივი შეგონება და ცხრა ნეტარების წინასახე. ათი მცნებით მივიღეთ რჯული, კანონი, ზნეობა ხოლო ცხრა ნეტარებით– ზეციური სიცოცხლე. ათი მცნებით უფალი გვეუბნება : „გიყვარდეს ღმერთი და არ გააკეთო ბოროტება“, ცხრა ნეტარებით კი : „გიყვარდეს ღმერთი, აღვასრულოთ სიკეთე და სათნოება“.
  სამყარო, რომელიც ღმერთმა შექმნა, მიუხედავად მისი განსხვავებულობისა, არის ერთი– მთლიანი და ყოვლისმომცველი, ანუ წარმოადგენს მოწესრიგებულ მთელს, რომელიც თავის თავში შეიცავს ჰარმონიას. ადამიანიც, რომელიც ასევე ღმერთმა შექმნა და სული შთაბერა, თავისებური მიკროსამყაროა, რომელიც სულისა და სხეულის ერთობას წარმოადგენს, ხოლო სულისა და სხეულის თანხმობას, ანუ მათ ჰარმონიას, მივყავართ ადამიანები სრულყოფისაკენ. ადამიანის ცხოვრება წყალუხვ მდინარეს წააგავს, რომელსაც ორი შენაკადი ასაზრდოებს. ერთს თუ ხორცისთვის მოაქვს საზრდო, მეორეს სულისთვის. თუ ერთ–ერთი დაშრა, ამით მთლიანობაში ადამიანი ღარიბდება და იგი სხეულისა და სულის ჰარმონიას ვერ მიაღწევს, ამიტომ, ის ვინც ზრუნავს სხეულისათვის, ის იმდენადვე უნდა ზრუნავდეს სულიერებისათვისაც.
  სხეულისათვის ზრუნვა– გულისხმობს ფიზიკურ წვრთნას, რომლის საბოლოო მიზანია სხეულის ნებისმიერი ნაწილის კუნთების მართვის უნარის გამომუშავება, სუნთქვით ვარჯიშებში დახელოვნება. სხეულის ფიზიკური გარემოება აცნობიერებს დაბადებასა და სიკვდილს. მისთვის დრო დათვლილია, ასაკი განსაზღვრულია.
  სულიერი წვრთნა ითვალისწინებს ადამიანის თვითჩაღრმავების პროცესს, რომელიც მიმართულია შინაგანი რაობის შესაცნობად და სულიერი ძალების კონცენტრაციისაკენ. ადამიანის სულიერი სამყარო მიისწრაფვის განთავისუფლებისაკენ. ცდილობს, გახსნას სულიერი შეგრძნებები და გააცნობიეროს, რომ მთავარი ფასეულობა სულიერებაშია და არა სხეულის საფარველში. როგორც ადამიანის სხეულს სჭირდება ყოველდღიური მოვლა და სისუფთავე, ასევე ადამიანის სულს სჭირდება ყოველდღიური განწმენდა ლოცვის საშუალებით.
  ზნეობრივი თვითდისციპლინა და ეთიკა, რომელიც განსაზღვრავს „ცოტნეიდელი“–ს მორალურ კოდექსს, შეიძლება დავახასიათოთ შემდეგი ძირითადი პრინციპებით  : რწმენა, იმედი, სიყვარული, ცოდნა, ღირსება, სამართლიანობა, პატიოსნება, ერთგულება, ზომიერება, გულუხვობა,სულგრძელობა, შრომისმოყვარეობა, გონივრულობა, სიმამაცე, შემწყნარებლობა, მეგობრობა, სიკეთე, თვითდისციპლინურობა, ქურდობისაგან თავის შეკავება, უმანკოება. საბრძოლო ხელოვნების სკოლის“ცოტნეიდელი“–ს მიმდევარმა უნდა დაიცვას მორალური კოდექსის პრინციპები ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში სხვადასხვა სიძნელეებისა და დაბრკოლებების მიუხედავად. მხოლოდ ამ პირობების დაცვით არის შესაძლებელი საბრძოლო ხელოვნების შესწავლაში წარმატების მიღწევა.
                 „ცოტნეიდელის“ მორალური კოდექსი შეიძლება პირობითად ორ საფეხურად დავყოთ:
1.      პიროვნებათა შორის ურთიერთბების რეგულირება.
2.      შიგაპიროვნული პროცესების რეგულირება.
          
I.პიროვნებათშორის ანუ სხვა ადამიანებთან ურთიერთობების რეგულირება                               – შემწყნარებლობა, თანაგრძნობა, ჰუმანურობა.     
ეს პრინციპები ეხმარება პიროვნებას გამოავლინოს შემწყნარებლობა სხვა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის, მათი მრწამსისა და სარწმუნოების მიმართ, გაზარდოს მასში სხვების ღირსების პატივისცემა. სხვისი ნაკლი და სისუსტე, რამხელაც არ უნდა იყოს, მოთმინებით უნდა აიტანო. გახსოვდეს! რომ შენც ბევრი რამ გაქვს ისეთი, რისი ატანაც სხვებს უწევთ.
·         – სიმართლე, პატიოსნება, გულახდილობა.                                       
 ეს პრინციპები ეხმარება პიროვნებას არ დაუშვას სიყალბე და ფარისევლობა ხალხთან ურთიერთობაში. „ცოტნეიდელი“–ს მიმდევარი უნდა იყოს პატიოსანი და გულახდილი, მათ ყოველთვის პატივისცემით და მოწიწებით უნდა მოეპყრან. დაიმახსოვრეთ, ხალხი ყველას ისე ექცევა როგორც  ისინი ხალხს. ადამიანი თავის საკადრისს თავისივე ნამოღვაწარით მიიღებს. ამდენად, რისი გაკეთებაც დაუშვებელია ნუ გააკეთებთ და რისი თქმაც არ შეიძლება ნუ იტყვით. ნათქვამია: „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“.                    
სიცრუე ნიშანია დაბალი სულისა, უღონო ჭკუისა და ბიწიერი ხასიათისა.
სიმართლის პრინციპი ეკუთვნის არა მარტო სიტყვებს და საქმეს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, აზრებს.
ქურდობისადმი შეურიგებლობა
არავის აქვს უფლება აიღოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. ღონე და ჭკუა იმისთვის მოუნიჭებია ჩვენთვის ღმერთს, რომ ჩვენი ქონება დავიცვათ და შევინახოთ და არა იმისთვის, რომ სხვისი დავისაკუთროთ.
მრუშობისაგან თავშეკავება
ეს პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს ჭარბი სქესობრივი ურთიერთობებისაგან. სქესობრივი ცხოვრების რეგულირება (ცოლქმრული ურთიერთობა) უნდა ხდებოდეს ეკლესიისა და საზოგადოების მიერ დამტკიცებული კანონითა და მორალით. მრუშობაში ჩაითვლება, აგრეთვე, არაწმინდა ფიქრები, სურვილები, უზნეო სანახაოებანი, ნარკომანია, ლოთობა, მეძავობა, ბილწსიტყვაობა. გახსოვდეთ, ვინც სისაძაგლეს გონებასა და ენას უთმობს, ხელსაც ადვილად გაუწოდებს.
სიკეთე და სიყვარული
ეს პრინციპები „ცოტნეიდელი“–ს მიმდევრებს ეხმარება ბოროტების დამარცხებაში. ბოროტებას არა აქვს არსი და სათავე, რადგან იგი სიკეთის ნაკლოვანებაა. ამიტომ, ბოროტება ბოროტებით არ იკურნება, მას მხოლოდ სიკეთე და სიყვარული შველის. როგორც კეთილ სიტყვას არ დაიშურებთ , ასევე ნუ დაიშურებთ კეთილი საქმის კეთებას. ნათქვამია : „კეთილის მოქმედი და კეთილის მასწავლებელი ორი ძმაა, რომელთა ძმობასაც დრო ვერაფერს დააკლებს“. სიკეთე ნუ დაგეზარებათ, რადგან სიკეთისა და ბოროტების საზღაურს ამ ქვეყნადვე მიიღებთ. როცა ადამიანს სიკეთეს მოუტანთ, ის სიკეთე იმავე ზომით თქვენც გარგებთ, რა ზომითაც იმ კაცს ერგო, ხოლო თუ ვინმეს მიმართ ბოროტებას ჩაიდენთ, თქვენც ისევე შეწუხდებით, როგოც ის კაცი. თუ კარგად გაიაზრებთ, მიხვდებით, რომ სხვისი უბედურებით არ შეიძლება ადამიანი ბედნიერი იყოს, თუ იგი პირუტყვი არ არის, და თუ პირუტყვია, ისიც კი ბედნიერი ვერ იქნება, რადგან თავისი უბედურება ვერ გაუგია. ამიტომ, ვიდრე შეგიძლიათ  ადამიანისათვის და ქვეყნისათვის სიკეთეს და სიყვარულს ნუ დაიშურებთ. ნათქვამია : „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“.
ზომიერება, გულუხვობა, სულგრძელობა
    ზნეობის ეს პრინციპები ეხმარება ადამიანს შეებრძოლოს და დაძლიოს ისეთი მავნე ჩვევები როგორიცაა შური, სიხარბე, ეგოიზმი. ამ ქვეყნად თითოეული ჩვენაგანი იმით უნდა დაკმაყოფილდეს, რაც მისია და სხვისი არ უნდა გინდოდეს. თუ რაიმე გაგაჩნიათ სხვასაც უწყალობეთ და სხვის ქონებას ნუ დაეხარბებით. ნათქვამია : „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“. იოანე ნათლისმცემელი გვასწავლის: „ვისაც ორი ხელი ტანსაცმელი აქვს, ერთი მისცეს იმას, ვისაც არა აქვს. ვისაც ბევრი საჭმელი აქვს, ნახევარი მისცეს იმას ვინც მშიერია“.
 სიხარბეს და ეგოიზმს გულში ნუ გაივლებთ, მცირედით დაკმაყოფილდით და შურიანი ნუ იქნებით, ამით მუდამ ბედნიერად იგრძნობთ თავს, რადგან დარდისა და უბედურების მიზეზი შური, სიხარბე და ეგოიზმია.
ცოდნა–განათლება
სოკრატე ამბობდა: „არ არსებობს განძი ცოდნაზე უძვირფასესი, არ არსებობს ღირსება განათლებაზე უპირველესი, არ არსებობს სამკაული სირცხვილის გრძნობაზე უმშვენიერესი, და არ არსებობს მტერი ცუდ ჩვეულებაზე უარესი“. ადამიანისთვის სწავლა–განათლება აუცილებელია. დიდი ილია ამბობს: „ცოდნა ხომ ხერხია, მაგრამ თითონ, თავის–თავადაც სიმდიდრე არის, მერე იმისთანა, რომ კაცი საცა წავა, თან მისდვს უხარჯოდ და უბარგოდ, ვერც ვინ მოჰპარავს, ვერც ვინ წინ გადუდგება.“
       თუ ქონებით ღარიბი ხართ, ეცადეთ გონებით იყოთ მდიდარი. დაიმახსოვრეთ! გონება ქონებაზე უკეთესია. ჭკუით შეიძლება სიმდიდრე დააგროვოთ, სიმდიდრით კი ჭკუას ვერ შეიძენთ. 
     თუ ჭკუა გაქვთ ისწავლეთ, რადგან გონება განათლების გარეშე იგივეა, რაც კაცი ტანსაცმლის გარეშე ან სხეული სულის გარეშე. უსწავლელი კაცი ისეთ ხეს გავს, რომელსაც ტოტები აქვს, მაგრამ ჩრდილი არ გააჩნია. მას არც თავისთვის მოაქვს სარგებელი და არც სხვისთვის. საერთოდ ადამიანი ცოდნით ფასდება და არა გვარიშვილობით. ღირსება, ცოდნა და განათლება, და არა გვარი და შთამომავლობა. ის სახელი, რომელიც დედ–მამამ დაგარქვათ არაფერია იმ სახელთან შედარებით, რომელსაც თქვენი საკუთარი ცოდნით მოიხვეჭთ. დიდი მცოდნეც რომ იყოთ, ნუ გაყოყოჩდებით. გახსოვდეთ, ნასწავლი მხოლოდ მაშინ იქნებით, როცა საკუთარი ცოდნის სიმცირეს შეიგნებთ.
p.s. ცოდნის შეძენის სურვილი, მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ფასს კარგავს, თუ მას რწმენა და სიყვარული არ განსაზღვრავს, რადგან ასეთი ცოდნა შეიძლება დიდი ბოროტებისა და უბედურების მომტანი გახდეს.
საქმიანობა, შრომისმოყვარეობა
   ცხოვრებაში რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეთ, ყოველთვის უნდა ეცადოთ კეთილშობილი და შორსმჭვრეტელი იყოთ. საქმის კეთების დროს რასაც იტყვით, უნდა შეასრულოთ, სიტყვასა და საქმეში სიმართლეს უნდა მისდიოთ და საქმეში მომთმენი უნდა იყოთ. ამასთან ერთად ყოველთვის უნდა გახსოვდეთ: სამი რამ მუდამ გულდასმით დახშული უნდა გქონდეთ, თვალი– იმისგან, რაც დასანახი არ არის; ენა– იმისგან, რაც სათქმელი არ არის და ხელი– არ წაატანო იმას, რაც არ გეკუთვნით.
   ყოველი საქმე ღვთის განგებით ხდება. ყოველ საქმეში თქვენი გულისთქმა გონების ხმას დაუკავშირეთ და ყოველი საქმე გონებით განსაჯეთ. ვიდრე დაყოვნების საშუალება გაქვთ ნუ აჩქარდებით, ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით. სანამ საქმეს შეუდგებით დასაწყისშივე გაარკვიეთ როგორ დაასრულებთ. საქმის კეთებისას უსამართლობას ნუ მოითმენთ. ყოველი სიტყვა და საქმე სამართლიანად განსჭვრიტეთ, რათა შეგეძლოთ სიმართლის გარჩევა სიცრუისაგან, ყოველთვის და ყველგან სიმართლე ილაპარაკეთ და სამართლიანად მოიქეცით. დაიმახსოვრეთ: „საქმის კეთებისას არც ერთი ადამიანი არ არის დაზღვეული შეცდომისაგან, მაგრამ შეცდომის გააზრებაა უმთავრესი იმისათვის რომ მეორე შეცდომა არ დაუშვათ“.
მეგობრობა
                                    ნათქვამია: „კარგი მეგობარი დიდი განძიაო“
    უმეგობრო ადამიანი უდაბნოში ეულად ამოსულ ხეს ჰგავს, რომელიც ყვავის, იზრდება, მაგრამ ნაყოფს არ იძლევა. მეგობრობის შესახებ სულხან–საბა ამბობს: „კარგი ამხანაგი არ იშოვების, გზაზე ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის.
        ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია.
        ამხანაგი გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია
        ამხანაგი ჭირში მომხმარია, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია.
        ამხანაგის უკეთესს შენ რას იშოვნი?“
ამიტომ, ვიდრე ადამიანი ცოცხალია, მისთვის მეგობარი აუცილებელია. ასევე, აუცილებელია მეგობრებზე ზრუნვა, რადგან ვინც მეგობრებზე არ ზრუნავს, იგი მუდამ უმეგობროდ დარჩება.
ნათქვამია: „მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ“. გამომდინარე აქედან, მეგობრის შერჩევისას ფრთხილად უნდა იყოთ. ისეთ ადამიანთან უნდა იმეგობროთ, რომელთაც თქვენი მეგობრები უყვართ და პატივს სცემენ.
        ერიდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უმიზეზოდ გებუტებიან და მათ მეგობრობას ნუ იწამებთ.
        ხარბ და შურიან ადამიანებთან ნუ იმეგობრებთ, რადგან ისინი ანგარებით დაგიმეგობრდებიან და არა სიყვარულით.
        უზრდელთან და რეგვენთან ნუ იმეგობრებთ. ისინი თავიანთი უზნეობით ისეთ რამეს ჩაიდენენ, რასაც  ასი ჭკვიანი მტერი მტრობით ვერ გაგიკეთებთ.
        იმეგობრეთ განათლებულ, წესიერ და პირობის შემსრულებელ ადამიანებთან.
p.s. გახსოვდეთ! ცუდი მეგობრის ყოლას,მარტო ყოფნა სჯობს.


დედ–მამის პატივისცემა
ღმერთმა შთამომავლობითი უნარი დააწესა და მშობელთა ვნება გახადა საბაბი მემკვიდრის გაჩენისა. გაჩენის მიზეზიდან გამომდინარე, შვილებს ვალად აწევთ მშობლების პატივისცემა, მშობლებს კი მონიჭებული აქვთ ძალა შვილების აღზრდისა და სიკეთის სწავლებისა.
        მშობლებს ადამიანობით, სარწმუნოებრივი თვალსაზრისით მიუდექით, რადგან მშობლები თქვენი ბედნიერების და აღზრდის საბაბია. თუკი მათ მიმართ დანაშაულს ჩაიდენთ, აღმოჩნდება, რომ თქვენ არანაირი სიკეთის ღირსნი არ ხართ. ვინც საფუძვლის დამფასებელი არ არის, ის ვერც იქიდან გამომდინარე სიკეთეს დააფასებს.
        მშობლებს ისე მოეპყარით, როგორც ამას თქვენი შვილებისაგან მოელით, ვინც თქვენგან დაიბადება, მასაც ისეთივე სურვილი ექნება, როგორიც თქვენ გაქვთ მშობლების მიმართ.
        ადამიანი ნაყოფის მსგავსია, მშობლები კი ხისა. ხეს რაც უფრო კარგად მოუვლი, ნაყოფსაც კარგს გამოიღებს.
დაიმახსოვრეთ! ადამიანის ურთიერთობა სხვა ადამიანთან გამოიხატება ასე: „ყველაფერი ის რაც არ გსურს, რომ შეგემთხვას შენ, არც შენ შეამთხვიო სხვას“.
                         
II.   ადამიანის თვითრეგულირება
ადამიანის თვითრეგულირების პროცესში იგულისხმება მისი ფიზიკური და სულიერი სისუფთავე,რაც საბოლოოდ სულიერ სიწმინდეში გადადის. ამ დროს ხდება უარყოფითი ელემენტების- რისხვის, ბოღმის,შურის, ავხორცობის, ეჭვიანობის აღმოფხვრისა და, რაც უფრო მთავარია, ეს არის გონების „გაწმენდა“ ცუდი აზრებისაგან  და შესაბამისი მოქმედებების- ცილისწამების, ინტრიგანობის, მოტყუების, მლიქვნელობის აღმოფხვრა.
   ადამიანი უნდა იყოს ოპტიმისტი. ყოველთვის უნდა ეცადოს იყოს კარგ გუნებაზე, დარწმუნებული საკუთარ ძალებში და საკუთარი თავის ფასი უნდა იცოდეს.
სიმტკიცე, ამტანობა, სიბეჯითე, სიმკაცრე
–ეს თვისებები წარმოადგენს ზნეობრივი ყოფაქცევის ფორმებს, რომლებიც ინერტულობის შეგნებული დაძლევის შედეგად არის მიღწეული. ნათქვამია: „სიზარმაცე ტანის ჭიააო“. თუ სხეული არ გემორჩილებათ ე.ი.  სიზარმაცისა და განცხრომისაკენ აქვს მიდრეკილება. საერთოდ, მოძრაობა ჩვენი სხეულის თანდაყოლილი თვისება როდია. მის მიერ შესრულებული ყოველგვარი მოძრაობა იძულეით არის გამოწვეული და თუ თქვენ არ გსურთ და არ აიძულებთ, სხეული თავისთავად არასოდეს შეასრულებს რამე მოძრაობას. ამიტომ, საკუთარი სხეული იძულებით უნდა მოთოკოთ და გონების ძალით დაიმორჩილოთ, რადგან ვინც საკუთარ სხეულს ვერ იმორჩილებს, იგი ვერც საბრძოლო ხელოვნების ცოდნას შეძლებს საფუძვლიანად.

                            დისციპლინა, თვითშემეცნება, თვითგამოკვლევა
საბრძოლო ხელოვნების შესწავლა ეს არის თვითშემეცნებისა და თვითკონტროლის უწყვეტი პროცესი. ეს არის სხეულის, სულისა და გონების ერთ მთლიანად შერწყმის გზა. საბრძოლო ხელოვნების ფლობა, უპირველესად საკუთარი თავის შეცნობას ნიშნავს, ხოლო საკუთარი თავის შეცნობით ადამიანი სხვა ადამიანის გაგებას სწავლობს. საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას აუცილებლად მოყვება არასასურველი შედეგები. ასეთი შეფასება შეიძლება მოხდეს ცუდი თვითკონტროლის, საკუთარი ქმედებების ანალიზის არასაკმარისი უნარის შედეგად ამიტომ, აუცილებელია ყოველდღიურად საკუთარ თვზე მუშაობა. რაც არ უნდა თქვათ ან მოიმოქმედოთ კარგი თუ ცუდი, შესაფერის პასუხს უნდა ელოდოთ. თუ რამის მოსმენა არ გსურთ, სხვასაც ნუ აიძულებთ იგივე მოისმინოს, რასაც კაცს პირში ვერ ეტყვით, ზურგს უკან ნუ იტყვით. ყოველი სურვილის ბოლო დაუკმაყოფილობაა, ამიტომ ფული და თანამდებობა ნუ გაცდუნებთ. ყოველდღიურ საქმიანობაში ღირსება ეძებეთ და არა სიმდიდრე, სიმდიდრე ღირსებას მოსდევს. საერთოდ, ფულისა და თანამდებობისათვის თქვენს ღირსებას ნუ უღალატებთ. მიმტევებელი, ქველმოქმედი იყავით და ადამიანებს ადამიანურად მოეპყარით, რადგან „ჭეშმარიტი ადამიანია ის, ვისაც ადამიანისთვის სარგებლობა მოაქვს“.
 ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანებთან ურთიერთობაში დააშავებთ, თუ უნებლიეთ შესცოდავთ, აღიარეთ და მოინანიეთ, რათა არ იფიქრონ რომ დანაშაული განზრახ ჩაიდინეთ. ასეთ შეცდომას თქვენს არცოდნას მიაწერენ და არა თქვენს უზრდელობას და ურჩობას, „არცოდნა-არცოდვაა, უზრდელობა და ურჩობა კი დანაშაულია“.
  თუ ცოდნა გაქვთ და არ იცით, სად და როგორ გამოიყენოთ, ასეთ ცოდნასა და არ ცოდნას ერთი ფასი აქვს. ეს ეხება საბრძოლო ხელოვნების ცოდნასაც.  

რწმენა და სარწმუნოება
ღმერთმა როდესაც სამყარო შექმნა, მას საფუძვლად  სამართლიანობა დაუდო და სიბრძნით შეამკო. იცოდა, რომ ყოფნა სჯობს არყოფნას, წესრიგი-უწესრიგობას, სიკეთე-ბოროტებას, სიყვარული-სიძულვილს, სიმართლე-სიცრუეს, უმანკოება-მრუშობას და ა.შ.
ღმერთი  ყველაფრის შემძლე და მცოდნეა, მაგრამ რაც არ ეგების არ გააკეთა, სიბრძნეს არ გადაუხვია და შესაბამიდასაც მოიქცა, რაც შექმნა სამართლიანობაზე იყო დაფუძნებული. მას უმიზეზოდ არაფერი შეუქმნია და სამართლიანი მიზეზი გახადა საფუძველი წესრიგისა. თუ გაქრება სამართლიანი მიზეზი, გაქრება წესრიგიც და თუ წესრიგი არ იქნება, არც ერთიანობა იქნება. მოქმედებას კი წესრიგი და ერთიანობა სჭირდება.
    დედამიწა, ცა, ვარსკვლავები, მცენარეები, ცხოველები, საკვები, სამოსი და სხვა სიკეთე   ყველაფერი ეს სიბრძნის საფუძველზეა შექმნილი. ყოველივე ეს სიკეთე, სამართლიანი წყალობა და „პური ჩვენი არსებობისა“ უბოძველი რომ დარჩენილიყო უსამართლობა იქნებოდა. სამართლიანი „პური არსებობისა“ კი ის არის, რომელსაც სარჩოდ სხვას მისცემ ანუ, „რასაცა გასცემ შენია,რაც არა დაკარგულია“. რაკი სამართალი ასეთი იყო, ღმერთმა ადამიანიც შექმნა, რათა მას ყოველი სიკეთით ესარგებლა და „პური არსობისა“ ეჭამა. ღმერთმა ბრძანა: „შევქმნათ ადამიანი ხატად და სახედ ჩვენდა“ და რაკი ადამიანიც შექმნა, მთელი წყალობაც მას უბოძა.
ადამიანის მიწიერი ცხოვრების არსი მხოლოდ ღმერთის წყალობის სარგებლობით არ გამოიხატება, არამედ ადამიანის უპირველესი მიზანია გათავისუფლდეს ბოროტებისაგან (ცოდვებისაგან) და განწმენდილი მიემსგავსოს პირველსახეს, რაკი ღმერთმა ადამიანი შექმნა ხატად თავისად. პირველი შექმნილი კაცი ადამია და ვიდრე იგი ცოდვით დაეცემოდა, იყო ღმერთის სახლი, „ტაძარი ღვთისა“. მასში იყო სიტყვა (ე.ი. ღმერთი) და სიტყვა იფარავდა ადამს. ამდენად ადამი თავისუფალი იყო ცოდვებისაგან, ბოროტებისაგან მაგრამ ადამის არსში შეიპარა ცოდვა და შეაჩერა ადამიანის ლტოლვა ღმერთსმიმსგავსებულობისაკენ. ცოდვისაგან კაცობრიობის სახსნელად ამქვეყნად ღმერთმა გამოგზავნა მისი მხოლოდშობილი ძე: „რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თვისი სოფლად, რაითა დაისაჯოს სოფელი, არამედ რაითა აცხონოს სოფელი მის მიერ“ (იოანე).ქრისტემ იტვირთა კაცობრიობის ცოდვა, გოლგოთის გზა გაიარა და ჯვარს ეცვა. ჯვარცმის პროცესის შინაარსია ხორცის (ბოროტის) დასჯა და სულის (სიკეთის) გათავისუფლება. ამიტომ ქრისტიანობა უპირველესად არის ადამიანის შინაგანი მუშაობა, შინაგანი ბრძოლა თავისთავის  გარდასაქმნელად. ქრისტეს მიმსგავსება კი უფლის წიაღში დაბრუნებას ნიშნავს, რამეთუ იესო იყო უხილავი ღმერთის ხატი, მოსული ქვეყნად.
       ღმერთი ამბობს: „სამი რამ არის მთავარი იმისათვის, რომ იღვანოს ადამიანმა, რწმენა, იმედი და სიყვარული“. ადამიანი, რომელიც ამ თვისებებით ცხოვრობს, უფრო მაღალ სულიერ საფეხურზე იმყოფება და ერთი ნაბიჯით უფრო ახლოსაა ჭეშმარიტების შეცნობასთან, ეს კი ადამიანთა მოდგმის ძირეული მიზანია.
      ადამიანის ღმერთისაკენ ლტოლვა ორი სახით ხორციელდება, როგორც გრძნობის სურვილი და როგორც გონების ნება. პირველ ეტაპზე ადამიანის მისწრაფება ჯერ კიდევ გაორებულია: ერთის მხრივ იზიდავს ზეციური სულის იდეალური ხატი და, მეორეს მხრივ, თავისკენ ეწევა მიწიერი ცხოვრების სახე. ამ დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს გონებას. გონებით უნდა შეერწყას ადამიანი ღვთაების არსს. მაშინ მყარდება უწყვეტი კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი კავშირის მიღწევა ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელია. „ჭეშმარიტების შეცნობა- ღმერთის გააზრებაა, რამდენიც არ უნდა ეცადოთ ღმერთს ბოლომდე ვერ გაიაზრებთ, თუნდაც იმიტომ რომ ადამიანები ვართ“. უფალი ბრძანებს: „ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის ტქვენი გზები; როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქვენს ზრახვებზე“.
           ადამიანს თუ არ სურს, საკუთარი ჯვარი აიღოს და აღასრულოს ის მცნებები,  რაც ქრისტემ მოგვცა, ასეთი ადამიანი ქრისტიანი არ არის, თუმც ქრისტიანულ ტაძარში დადის.  ღმერთის მორჩილება და ქრისტეს მცნებათა აღსრულება სასუფევლისაკენ მიმავალი გზაა. ის ვინც ამ გზას ეძებს, ცეცხლის დარია; რაც არ უნდა ქვემოდან შეუნთო, ალი მაინც ზევით ავარდება. ის ვინც ღვთის გზას გადაუხვევს, წყალს ემსგავსება: რაც უნდა მაღლა აიტანო, ის მაინც დაღმა მიედინება, ამიტომ ღმერთისაკენ მიმავალი გზის შეცნობა აუცილებელია ადამიანთა მოდგმისათვის.
მასწავლებელი და მოსწავლე
ზოგადად, მასწავლებლად შეიძლება ჩაითვალოს ის, ვინც სიტყვიერი ელემენტების მეშვეობით უკავშირდება მსმენელის ჭკუა-გონებასა და მეხსიერებას. მსმენელს, განსაზღვრული მეცნიერების, როგორც საგნის, შესწავლის გამო, შეიძლება ეწოდოს მოსწავლე.
სწავლება, რომელიც მოწაფის სრულ ფიზიკურ, ფსიქიკურ, მორალურ და სულიერ გარდაქმნას ითვალისწინებს, შემეცნებით ხასიათს ღებულობს. ის ვინც ახორციელებს და მართავს ასეთ გარდაქმნას, მასწავლებლის წოდებას იმსახურებს, ხოლო ის ვინც თანახმაა ამ პროცესში სასურველი მიზნის მისაღწევად ჩაერთოს, იწოდება მოსწავლედ. საკაცობრიო არეალში მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობა უმაღლეს კატეგორიად გვევლინება. ინდური ანდაზის თანახმად: „მშობელი დედა ათი მამის ტოლფასია, მასწავლებელი კი ათ დედას უდრის“.
საბრძოლო ხელოვნებაში მეტად საინტერესო ფენომენია მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა, მათი ურთიერთნდობა, ურთიერთდაფასება და პატივისცემა. ეს ურთიერთობა აქ სხვა სულიერ რანგშია აყვანილი. იაპონიაში ცნობილია ასეთი გამოთქმა: „მშობლებმა მე სიცოცხლე მაჩუქეს და გამზარდეს, ხოლო მასწავლებლებმა ადამიანად მაქციეს“. სენსეი, ანუ კარატეს მასწავლებელი, მხოლოდ მწვრთნელი კი არ არის, ის პირველ რიგში აღმზრდელია, ცხოვრებაში სწორი მიმართულების მიმცემი, გარკვეულწილად მოძღვარიცაა. აღსანიშნავია, რომ შემეცნების გზაზე მარტო მასწავლებლის ძალისხმევა საკმარისი არ არის, აუცილებელია მოწაფის შინაგანი მზადყოფნაც. მოწაფე მზად უნდა იყოს, რომ მასწავლებლის მიერ მოწოდებული ცოდნა შეითვისოს.
საგულისხმოა ისიც, რომ ნებისმიერი საბრძოლო ხელოვნების მასწავლებელი სანიმუშო უნდა იყოს თავისი მოწაფისათვის, არა მხოლოდ ტექნიკის ცოდნის მხრივ, არამედ ეთიკურ და სულიერ ასპექტებშიც.
სწავლების პროცესში, დარბაზში შენიშვნებისა და კრიტიკის უფლება მხოლოდ მასწავლებელს აქვს - ისიც უთუოდ ზომიერების, წესიერებისა და კეთილგანწყობის შენარჩუნებით.
მასწავლებელმა საბრძოლო ხელოვნებასთან ერთად უნდა ასწავლოს „ცოტნეიდელის“ მორალური კოდექსი, ხოლო მოწაფე უნდა ცდილობდეს აითვისოს ერთიც და მეორეც, რამეთუ ორივე ერთი მთელის განუყოფელი ნაწილია.
„ცოტნეიდელის“ მორალური კოდექსის პრინციპების და მასთან ერთად ეტიკეტის მკაცრი დაცვა მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს საბრძოლო ხელოვნების ათვისების პროგრესს.
     

ცოტნეიდელის მორალური კოდექსი შეადგინა
მალხაზ ბუბუტეიშვილმა
1.09.2012 წ.




 დარბაზის ეტიკეტი 

საბრძოლო ხელოვნებაში ეტიკეტსა და რიტუალებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მათი როლი ,ებრძოლის ხასითის ჩამოყალიბებაში საუკუნეებით არის განმტკიცებული. ეტიკეტს აქვს მკაცრად რეგლამენტირებული ქცევის წესები, როგორც დარბაზში ვარჯიშის დროს, ისე უოველდშიურ ცხოვრებაში. ეტიკეტი წარმოადგენს გარეგანი ქცევის წესების სისტემას. იგი არეგულირება ურთერთდამიკოდებულებას მოწაფეებს, მოწაფესა და მასწავლებელს, უფროს და უმცროს მოწაფეთა შორის. 
დოჯოს ეტიკეტში შედის აგრეთვე მოვარჯიშის ქცევა საწვრთნელი ბრძოლის დროს, მკაცრად დაცული თაყვანისცემის ცერემონიალის თანხლებით. ძლიერი თუ სუსტი მოწინააღმდეგის პირისპირ შიშისა და ტკივილის, მრისხანებისა და გაღიზიანებადობის, საკუთარი ემოციების კპნტროლისა და დაფარვის უნარყ დიდი ხელოვნებააა. ეს არის თვითდისციპლინისა და თვითშემეცნებისაკენ მიმავალი გზა. ერთადერთი, რაც მებრძოლის  მიერ პარტნიორთან დამოკიდებულებაში უნდა გამოვლინდეს-ეს არის  მისი პატივისცემის გამოხატვა საკუთარი ღირსეული ქცევებით, ეტიკეტის წესებებთან თანაფარდობაში. 
დარბაზში შესვლისას მებრძოლის მიერ დოჯოს თაყვანისცემა მიანიშნებს სრული ძალისხმევით განსაზღვრულ შრომით რეჟიმში ჩასართველად მის შინაგან მზადყოფნას. დოჯოდან გამოსვლისას მოვარჯიშე ვალდებულია გულითადო მადლობა გადაუხადოს იმ ადგილს დ აიმ ადამიანებს, რომლებიც ეხმარებიან ფიზიკური და სულიერი სრულყოფის ძიებაში. 


                                                 მოვარჯიშეთა ქცევის წესები დარბაზში

1. კარატეს მიმდევარმა სავარჯიშოდ წასვლის წინ წინასაწარვე უნდა განაწყოს საკუთარი თავი ვარჯიშისათვის. გასახდელში, დარბაზში საუბრის თემა უნდა ესებოდეს მხოლოდ და მხოლოდ კარატეს, სპორტს. 
2. სავარჯიშოდ მზადმყოფი სხეული უნდა იყოს სუფთა, ფრჩხილები -  ბოლომდე დაჭრილი. მოვარჯიშემ თან არ უნდა იქონიოს ლითონის საგანი (საათი, ბეჭედი, ჯაჭვი და სხვა). 
3. მოვარჯიშეს უნდა ეცვას თეთრი ფერის კიმანო, ეკეთოს ქამარი, რომლის ფერიც სპორტსმენის ოსტატობის დონეს განსაზღვრავს. კიმანოზე შეუძლია ატაროს მხოლოდ  სკოლის (კლუბის) მიერ დაშვებული ემბლემ. 
4. დარბაზში ყველა ვალდებულია დაიცვას წესრიგი და სისუფთავე. ყოფაქცევა უნდა იყოს სათანადოდ მოწესრიგებული და გამოხატავდეს მოვარჯიშის მიღწეულ დონეს ცხოვრებასა და სპორტში. 
5. დარბაზში ყოველი შესვლის და გასვლის დროს სპორტსმენ ვალდებულია თაყვანი სცეს დოჯოს. აგრეთვე მოვარჯიშეებმა უნდა გამოხატონ გჯუფური თაყვანისცემა მასწავლებლის და სხვა საპატიო პირების მიმართ ერთ-ერთი უფროსი  მოწაფის-სენპაის მოწოდების (შეძახილის) შემდეგ. 
6. ვარჯიშის დროს სპორტსმენებმა სრული ყურადღება უნდა გადაიტანონ თითოეულ მოძრაობაზე, შეასრულონ ისინი მთელი ზალისხევით. არ შეუშინდნენ დაღლასა და სიძნელეებს. ივარჯიშონ მხოლოდ და მხოლოდ კარგი განწყობით. 
7. მაქსიმალურად უნდა გააკონტროლონ ნებისმიერი ჩატარებული მოძრაობა და დარტყმა. ვარჯიში არ ნიშნავს ძალისა და ენერგიის უზუსტო, უაზრო ხარჯვას. უზუსტობამ შეიძლება გამოიწვიოს მეგობრების, პარტნიორების ტრავმა. 
8. მასწავლებლის მიერ გადმოცემული ცოდნა-ეს არის თქვენი ჯეროვანი სრულყოფა. მოვარჯიშემ ინდივიდუალურად, ინტენსიურად უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, რათა სათანადო შედეგებს მიაღწიოს. 
9. ვარჯიშის დროს კატეგორიულად აკრძალულია ლაპარაკი და შეკითხვები  ნებართვის გარეშე. 
10. მათ, ვინც მონაწილეობას არ ღებულობს ვარჯიშში, ეკრძალებათ დარბაზში გადაადგილება, ხმაური და მოვარჯიშეებთან ყოველგვარი კონტაქტი. ასევე აკრძალულია დარბაზში უცხო პირების მიყვანა და დასწრება მასწავლებლის გარეშე.